ტრანსმისია.
ტრანსმისიაში შემავალი კვანძები და აგრეგატები ძრავისგან მიღებულ ბრუნვას გადასცემს წამყვან ბორბლებს ცვალებადი კუთხით და ცვალებადი სიდიდით. ტრანსმისიის მოწყობილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხიდია წამყვანი. უკანა წამყვანხიდიანი ავტომობილის ტრანსმისიის აგრეგატები განლაგებულია ავტომობილის გრძივი ღერძის გასწვრივ და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: გადაბმა, გადაცემათა კოლოფი, კარდანი, მთავარი გადაცემა, დიფერენციალი და ნახევარღერძები(მარცხენა სურათი). წინა წამყვანხიდიანი ავტომობილის ტრანსმისია კომპაქტურადაა განლაგებული ძრავთან(შუა სურათი). გამავლობის გაზრდის მიზნით ზოგიერთი ავტომობილის ორივე ხიდი არის წამყვანი. ასეთ ავტომობილებს სრულამძრავიან ავტომობილებს უწოდებენ(მარჯვენა სურათი). სრულამძრავიანი ავტომობილის ტრანსმისიის ძირითადი ნაწილებია: გადაბმა, გადაცემათა კოლოფი, მანაწილებელი კოლოფი, კარდანული ლილვები, წინა და უკანა ხიდები, რომლებშიც განლაგებულია მთავარი გადაცემა და დიფერენციალი.