571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 199
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

მანევრირება.

 

1. მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.  

2. მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღების ვალდებულებისაგან.  

3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.  

4. მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.  

5. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.  

6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.

 7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას:  ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი;  ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.  

8. თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს მოხვევას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.  

9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.  

10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.  

11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.  

12. თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.  

13. დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.  

14. გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.  

15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:  

ა) ქვეითთა გადასასვლელზე;  

ბ) გვირაბში;  

გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ;

დ) რკინიგზის გადასასვლელზე;  

ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;  

ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია;  

ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილას.  

16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და იმ ადგილებში, სადაც აკრძალულია მობრუნება.

17. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:  

ა) საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომელი მხრიდან უნდა შემოუაროს მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას;  

ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.




Copyright MyCorp © 2024