571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 195
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტომაგისტრალზე მოძრაობა.

 

1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე:

ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად);  

ბ) აკრძალულია სასწავლო სვლა;  

გ) მძღოლს ეკრძალება:

გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები;  

გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა;  

გ.გ) მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ან იმ მისაბმელიანი ავტომობილით მოძრაობა, რომლის საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია;  

დ) დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.  

2. ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.  

3. ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.  

4. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.  

5. ამ მუხლის 1−3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება.




Copyright MyCorp © 2024