"B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა.
„B" კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომლიდანაც დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვითება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ მძღოლობის კანდიდატი 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას არ დააგროვებს ან თუ არ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დადგენილი წესით.
გამოცდა შეწყდება(დისკვალიფიკაცია) და ჩაითვლება ჩაუბარებლად თუ:
- მძღოლობის კანდიდატმა დააგროვა 39-ზე მეტი საჯარიმო ქულა;
- მძღოლობის კანდიდატმა შექმნა საავარიო სიტუაცია, ვერ უზრუნველყო დროული გაჩერება, დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვაზე, რის გამოც გამომცდელი იძულებული გახდა ჩარეულიყო ავტომობილის მართვაში;
- მძღოლობის კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს ელემენტის შესრულებას;
- მძღოლობის კანდიდატის მიერ ელემენტის შეუსრულებლობის ან გამოცდის მიმდინარეობის გაჭიანურების გამო ფერხდება საგამოცდო პროცესი და ხელი ეშლება სხვა გამომცდელს;
- მძღოლობის კანდიდატმა გამოტოვა რომელიმე ელემენტი ან არ დაემორჩილა გამომცდელის მოთხოვნას;
- მძღოლობის კანდიდატმა ელემენტში „მოძრაობის მიმართულების შეცვლა" ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოთავსება შემოსაზღვრული უბნის შიგნით ან თუ ვერ გამოვიდა ელემენტიდან შესასვლელის საწინააღმდეგო მხრიდან;
- აღმართზე გაჩერებისას „სდექ-ხაზს" გასცდა ერთ მეტრზე მეტი მანძილით;
- „აღმართის" შესრულებისას დაუგორდა ავტომობილი და არ ამოწია სადგომი მუხრუჭი;
- ვერ უზრუნველყო ყველა ელემენტის და ყველა მოთხოვნის შესრულება;
- გამოცდის მიმდინარეობისას სამჯერ ჰქონდა ადგილი რყევებს და ბიძგებს;
- მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი;
- მძღოლობის კანდიდატი შემჩნეულ იქნა დახმარების მიღებაში (კარნახი, ტექნიკური საშუალებების გამოყენება და სხვ).
ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად, ამასთან გამომცდელის მითითებას ენიჭება უპირატესობა. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ელემენტები და მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულოს მძღოლობის კანდიდატმა პრაქტიკულ გამოცდაზე. ფრჩხილებში მითითებულია საჯარიმო ქულის სიდიდე, რომელიც გამოაკლდება მძღოლობის კანდიდატს წინასწარ მინიჭებული 100 ქულიდან შესაბამისი პუნქტის შეუსრულებლობის გამო.
1. „პარალელური პარკირება". ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ელემენტის წინ გაჩერებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს „სდექ–ხაზი".
- შემოსაზღვრულ უბანზე მოძრაობისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (10 საჯარიმო ქულა).
- ელემენტიდან გამოსვლისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. (20 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე გაჩერების შემდეგ სავალდებულოა სადგომი მუხრუჭის გამოყენება. (15 საჯარიმო ქულა).
2. „ზიგზაგი". ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- მძღოლობის კანდიდატმა ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში მდებარე პირველი სადგარის მარცხენა მხრიდან შემოვლით. (იგივეს მიუთითებს სავალ ნაწილზე დახატული მონიშვნის თეთრი ისარი.) (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს შუაში განლაგებულ სადგარებს შორის. (15 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე მოძრაობისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- „ზიგზაგში" მოძრაობის განმავლობაში არ უნდა შეწყდეს მოძრაობა დასახული მიმართულებით. (10 საჯარიმო ქულა).
- არ უნდა გაითიშოს ძრავი. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა. (10 საჯარიმო ქულა).
3. „მოძრაობის მიმართულების შეცვლა". ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს მარჯვენა მხრიდან („სდექ–ხაზიდან"). (15 საჯარიმო ქულა).
- წინ და უკან მოძრაობა უნდა განხორციელდეს გადაცემის ერთჯერადი გადართვით. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (20 საჯარიმო ქულა).
- შემოსაზღვრულ უბანზე მობრუნებისას ავტომობილი მთლიანად უნდა მოექცეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ უნდა კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. (დისკვალიფიკაცია).
- ავტომობილი უნდა გამოვიდეს მარცხენა მხრიდან ანუ შესასვლელის საწინააღმდეგო მხრიდან. (დისკვალიფიკაცია).
4. „უკუსვლით პარკირება" („ბოქსი"). ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ავტომობილი არ უნდა დაგორდეს 30 სმ–ზე მეტ მანძილზე. (10 საჯარიმო ქულა).
- „ბოქსში" შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლის გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. (15 საჯარიმო ქულა).
- „ბოქსში" გაჩერების შემდეგ ავტომობილი მთლიანად უნდა მოთავსდეს შემოსაზღვრულ უბანზე და არ უნდა კვეთავდეს მონიშვნის ხაზებს. ბოქსიდან გამოსვლა უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის მოთხოვნის განხორციელების შემდეგ. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (20 საჯარიმო ქულა).
5. „რვიანი". ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- მოძრაობა უნდა დაიწყოთ შემოსაზღვრული უბნის მარჯვენა მხრიდან. (15 საჯარიმო ქულა).
- მოძრაობა უნდა დასრულდეს შემოსაზღვრული უბნის მარცხენა მხრიდან გამოსვლით. (15 საჯარიმო ქულა).
- მოძრაობა არ უნდა შეწყდეს ელემენტის შესრულების განმავლობაში. (5 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულების განმავლობაში ძრავი არ უნდა გაითიშოს. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს მონიშვნები და არ უნდა დაეჯახოს სადგარებს. (15 საჯარიმო ქულა).
- ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლა. (15 საჯარიმო ქულა).
6. „აღმართიანი უბანი". ამ ელემენტის შესრულებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
- ავტომობილმა უნდა იმოძრაოს დადგენილი ტრაექტორიით.
- ავტომობილი უნდა გაჩერდეს „სდექ-ხაზამდე" არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით. (20 საჯარიმო ქულა).
- „სდექ-ხაზიდან" დაძვრისას ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტი მანძილით. (10 საჯარიმო ქულა).
გარდა ამისა პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
-
მძღოლობის კანდიდატმა მოძრაობის დაწყების წინ უნდა შეიკრას უსაფრთხოების ღვედი. (5 საჯარიმო ქულა).
-
ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს ამოწეული სადგომი მუხრუჭით. (15 საჯარიმო ქულა).
-
გამოცდის დაწყებიდან დამთავრებამდე არ უნდა გაითიშოს ძრავი. (15 საჯარიმო ქულა).
-
გამოცდის მსვლელობისას არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი. (10 საჯარიმო ქულა).
-
მძღოლობის კანდიდატმა სადგომი მუხრუჭი უნდა გამოიყენოს მხოლოდ „პარალელურ პარკირებაზე" და „აღმართზე". (15 საჯარიმო ქულა).
-
მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია იხელმძღვანელოს შუქნიშნის ჩვენებით. (20 საჯარიმო ქულა).
-
ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ბიძგების გარეშე).