571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 195
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მძღოლის უფლება–მოვალეობები.

 

1. ყოველ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას უნდა მართავდეს მძღოლი.

2. მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.

3. მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.

4. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია მძღოლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ.

5. მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ..

6. მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.

7. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

8. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

9. მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.

10. ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.

11. მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.

12. მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.

13. მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

14. გზაზე ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გაუმართაობისაგან განსხვავებული ისეთი გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოძრაობის უსაფრთხოებაზე, მძღოლი ვალდებულია იგი ადგილზე აღმოფხვრას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მან, ამ კანონით განსაზღვრული წესითა და სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაიყვანოს სადგომში ან სარემონტო ადგილზე.

15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ­ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

16. თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.

 17. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;  გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.  

18. საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს რეგისტრაციის ნომერი და სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი დატანილია სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერზე), სადაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამასთანავე, იგი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს:  ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით;  გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.  

19. საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.   

20. გარდა ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებისა, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებისა და სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ასეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შესახებ უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების ან მის მიერ სამოძრაოდ დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

21. მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას.

22. მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები.




Copyright MyCorp © 2024