571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 179
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საგზაო მონიშვნები. 

 

1. ჰორიზონტალური მონიშვნა

ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნები სავალ ნაწილზე) აწესებს მოძრაობის გარკვეულ რეჟი­მებსა და წესრიგს. ჰორიზონტალური მონიშვნა თეთრი ფერისაა, გარდა ყვითელი ფერის 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა.

1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს.

1.2. (მთლიანი ფართო ხაზი) აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს.

1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.

1.4. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას.

1.6. (მიახლოების ხაზი – წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

1.7. (წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით) აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში.

1.8. (განიერი წყვეტილი ხაზი) აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა).

1.9. აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.

1.10. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.11. ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.

1.12. („სდექ ხაზი”) აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.

1.13. აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადასაკვეთად გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

1.14.1, 1.14.2 („ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.

1.14.3. აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით.

1.15. აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.

1.16.1–1.16.3. აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.

1.17. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს.

1.18. აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.

1.19. აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთი, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვი) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.

1.20. აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

1.21. (წარწერა „სდექ”) აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ, თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით.

1.22. აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.

1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

1.1 და 1.3 ხაზების გადაკვეთა აკრძალულია.

დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

1.5–1.8 ხაზების გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.9. ხაზის გადაკვეთა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ის მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც ჩართულია რევერსული შუქნიშანი, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის ყოფს ზოლებს, რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ – 1.9 ხაზის იქით.

თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავ­რე­­ბისას.

თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით.

 

2. ვერტიკალური  მონიშვნა.

ვერტიკალური მონიშვნა თეთრი და შავი ზოლების შეერთებით საგზაო ნაგებობებსა და გზის აღჭურვილობის ელემენტებზე აჩვენებს მათ გაბარიტს და არის მხედველობითი ორიენტაციის საშუალება.

2.1. აღნიშნავს საგზაო ნაგებობათა ელემენტებს (ხიდის ბურჯი, გზაგამტარი, მოაჯირის გამოშვერილი ნაწილი და ა.შ.), თუ ისინი საშიშია მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის.

2.2. აღნიშნავს გვირაბის, ხიდისა და გზაგამტარის განივი ნიშნების ქვედა მხარის ნაპირს.

2.3. აღნიშნავს გამყოფ ზოლზე ან უშიშროების კუნძულზე დადგმულ მრგვალ ტუმბოს.

2.4. აღნიშნავს მიმმართველ ბოძს, ბოძკინტს, გზის შემოღობვის საყრდენსა და სხვა.

2.5. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირს მცირერადიუსიან მოსახვევში, ციცაბო დაღმართსა და სხვა სახიფათო მონაკვეთზე.

2.6. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირებს სხვა მონაკვეთზე.

2.7. აღნიშნავს სახიფათო მონაკვეთზე ბორდიურსა და უშიშროების ამაღლებულ კუნძულს.




Copyright MyCorp © 2019