571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 195
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
დამუხრუჭება.
 
 
    ავტომობილის უსაფრთხოდ მოძრაობის მთავარი გარანტი არის მუხრუჭი. მუხრუჭის სატერფულზე ტერფის დაწოლის ძალა დამოკიდებულია ავტომობილის სიჩქარეზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად უნდა შეწყდეს მოძრაობა. მუხრუჭის სატერფულზე ტერფი უნდა დაადგათ მდორედ და თანდათან უნდა გაზარდოთ დაწოლის ძალა. როდესაც ავტომობილის სიჩქარე კარგად შემცირდება, სატერფულზე დაწოლის ძალა  შეამცირეთ.
     მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში უნდა გამორიცხოთ ბორბლების ბლოკირება. ბლოკირების დროს ბორბლები წყვეტენ გორვას და იწყებენ ასფალტზე სრიალს. ინერციული ძალების გავლენით ამ დროს მოსალოდნელია ავტომობილის მოცურება. თუ თქვენი ავტომობილი ABS სისტემის მუხრუჭითაა აღჭურვილი, ბორბლების ბლოკირების ნუ შეგეშინდებათ. რაც არ უნდა ძლიერად დააწვეთ მუხრუჭის სატერფულს, ბორბლების ბლოკირება არ მოხდება.
     ნუ დაამუხრუჭებთ მკვეთრად, თუ ამის აუცილებლობა არ არის. მკვეთრი დამუხრუჭებისას თქვენ განიცდით ემოციურ დაძაბვას, მგზავრები განიცდიან დისკომფორტს, სალტეები და სამუხრუჭე ხუნდები გაძლიერებულად ცვდებიან და უკან მომავალ მძღოლს უქმნით საშიშროებას.
     დამუხრუჭების პროცესი საკმაოდ რთული პროცესია და სამი ფაზისაგან შედგება.
 


     პირველ ფაზაში მძღოლი შენიშნავს დაბრკოლებას და იწყებს დამუხრუჭებას. დრო, რომელიც გადის საფრთხის შენიშვნიდან დამუხრუჭების დაწყებამდე, არის მძღოლის რეაქციის დრო. მძღოლის რეაქციის დრო მუდმივი არ არის და იცვლება სხვადასხვა მიზეზთა გამო, როგორიცაა: ავადმყოფობა, გადაღლილობა, ასაკი, განწყობა, არაფხიზელი მდგომარეობა, ზოგიერთი მედიკამენტის და ნარკოტიკის გამოყენება და სხვა. დადგენილია, რომ სასმელის მცირე დოზაც კი 30–40 % – ით ზრდის რეაქციის დროს ერთი საათის განმავლობაში.
     ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ნასვამი არ უნდა მიუსხდეთ საჭეს, მაგრამ თუ ექსტრენული სიტუაციის გამო მგზავრობა აუცილებელია, იმოძრავეთ შედარებით დაბალი სიჩქარით და გაზრდილი დისტანციით.
     ახალგაზრდა მძღოლებს რეაქციის დრო ოთხჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ასაკოვან მძღოლებს, ე.ი. ისინი ოთხჯერ უფრო სწრაფად მოქმედებენ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა მძღოლები უფრო ხშირად ხვდებიან საშიშ სიტუაციებში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ასაკოვან მძღოლებს უკეთესად შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ და თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ხიფათი.
     მეორე ფაზაში ხდება მუხრუჭის ამოქმედება.
     მესამე ფაზა მიმდინარეობს მუხრუჭის ამოქმედებიდან ავტომობილის სრულ გაჩერებამდე და ამ დროს გავლილ მანძილს სამუხრუჭე მანძილი  ეწოდება.

სამივე ფაზის განმავლობაში ავტომობილი გაივლის გარკვეულ მანძილს. მძღოლის მიერ საფრთხის შენიშვნის მომენტიდან ავტომობილის სრულ გაჩერებამდე გავლილი მანძილი არის გაჩერების მანძილი.  გაჩერების მანძილის სიდიდე დამოკიდებულია მოძრაობის სიჩქარეზე, კლიმატურ პირობებზე, საგზაო პირობებზე, მუხრუჭის ტექნიკურ მდგომარეობაზე, საბურავების მდგომარეობაზე და მათში ჰაერის წნევაზე.
     ცხრილში №1 მოცემულია გაჩერების მანძილის დამოკიდებულია ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეზე სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.


                                ცხრილი №1.

 

 

     ცხრილიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობის დროს სველ გზაზე დამუხრუჭებისას ავტომობილი გაივლის ერთნახევარჯერ მეტ მანძილს, ხოლო მოყინულ გზაზე ექვსჯერ მეტ მანძილს, ვიდრე მშრალ გზაზე დამუხრუჭებისას.

 

დამუხრუჭების ხერხები.

 

     დამუხრუჭების რამდენიმე ხერხი არსებობს, ესენია: დროსელირება (ძრავით დამუხრუჭება), სამუშაო, ექსტრენული, წყვეტილი და საფეხურებრივი დამუხრუჭება. მოძრაობის პროცესში დამუხრუჭების ხერხი უნდა შეარჩიოთ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის, საგზაო პირობების და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. საერთოდ კი უნდა ეცადოთ ავტომობილი დაამუხრუჭოთ მდორედ და თანაბრად.
     დროსელირება. დროსელირება ანუ ძრავით დამუხრუჭება იწყება აქსელერატორის სატერფულიდან ტერფის აშვებისას. დროსელირების დროს ხდება ძრავში საწვავის მიწოდების შემცირება ან მთლიანად შეწყვეტა, რაც იწვევს ძრავის ბრუნვის შემცირებას. ამ დროს ძრავი ეწინააღმდეგება ავტომობილის გორვას და მას მდორედ უმცირდება სიჩქარე, რაც გამორიცხავს ავტომობილის მოცურებას. დროსელირება საკმაოდ გავრცელებული ხერხია და მძღოლები ხშირად მიმართავენ მას მკვეთრ დაღმართებზე, სველ და მოლიპულ გზებზე მოძრაობისას.
     სამთო გზებზე მოძრაობისას მუშა მუხრუჭის ხშირი გამოყენება იწვევს ხუნდების ძლიერ გახურებას, სამუხრუჭე სითხე დუღდება და მუშა მუხრუჭი მწყობრიდან გამოდის. დროსელირების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მუშა მუხრუჭის გამოყენების აუცილებლობას და იცავს მას მწყობრიდან გამოსვლისაგან. მკვეთრ დაღმართზე მოძრაობისას ის გადაცემა უნდა ჩავრთოთ, რომელიც თავიდან აგაცილებთ მუშა მუხრუჭის ხშირ გამოყენებას. გამოცდილი მძღოლები დაღმართზე მოძრაობისას იყენებენ იმ გადაცემას, რომელი გადაცემითაც აივლიდა იმავე ადგილს აღმართზე მოძრაობისას. მაგ: თუ ღვინის აღმართი (ღვინის აღმართი მდებარეობს ქ. თბილისში რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე) აიარეთ მეორე გადაცემით, იმავე ადგილზე დაღმართზე დაშვებისას უნდა გამოიყენოთ ასევე მეორე გადაცემა. ასეთ შემთხვევაში იშვიათად დაგჭირდებათ დამუხრუჭება.
     სამუშაო დამუხრუჭება.  სამუშაო დამუხრუჭებისას თქვენ წინასწარ უნდა შეარჩიოთ ადგილი და მოემზადოთ ავტომობილის გასაჩერებლად. ამიტომ ასეთი დამუხრუჭება მიმდინარეობს მდორედ და ავტომობილს თანაბრად უმცირდება სიჩქარე. სამუშაო დამუხრუჭების დროს მარჯვენა ტერფი აიღეთ აქსელერატორიდან და მდორედ დაადგით მუხრუჭის სატერფულს. როდესაც ავტომობილს კარგად შეუმცირდება სიჩქარე, მარცხენა ტერფი ბოლომდე დაადგით გადაბმულობის სატერფულს და შეწყვიტეთ მოძრაობა.
    ექსტრენული დამუხრუჭება.  ექსტრენული დამუხრუჭება გამოიყენება უეცრად წარმოქმნილი ხიფათის თავიდან აცილების მიზნით. ამ დროს მაგრად უნდა ჩაბღუჯოთ საჭე და ისე უნდა დაამუხრუჭოთ, რომ არ მოხდეს ბორბლების ბლოკირება. როდესაც ავტომობილს კარგად შეუმცირდება სიჩქარე, დაადგით მარცხენა ტერფი გადაბმულობის სატერფულს. თუ ავტომობილი აღჭურვილია ABS სისტემის მუხრუჭით, მაშინ მკვეთრი დამუხრუჭება არასოდეს გამოიწვევს ბორბლების ბლოკირებას.
     სველ და მოყინულ გზაზე ბორბლების გზასთან ჩაჭიდების კოეფიციენტი ძალზე დაბალია, ამიტომ ექსტრენული დამუხრუჭების გამოყენება არ შეიძლება. ასეთ სიტუაციაში უნდა გამოიყენოთ წყვეტილი ან საფეხურებრივი დამუხრუჭება.
     წყვეტილი დამუხრუჭება.  წყვეტილი დამუხრუჭების დროს მუხრუჭის სატერფულს  დააწექით და როგორც კი ბორბლების ბლოკირება მოხდება, მაშინვე ბოლომდე აუშვით ტერფი. შემდეგ ისევ დააწექით და კვლავ აუშვით ბლოკირების დაწყებისას. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ავტომობილი გაჩერდება. 
    საფეხურებრივი დამუხრუჭება.  საფეხურებრივი დამუხრუჭების დროს მუხრუჭის სატერფულს  დააწექით და როგორც კი ბორბლების ბლოკირება მოხდება, მაშინვე აუშვით ტერფი ბლოკირების შეწყვეტამდე. შემდეგ ისევ დააწექით და ბლოკირების დაწყებისას კვლავ აუშვით ტერფი ბლოკირების შეწყვეტამდე. ასე გაიმეორეთ მანამ, სანამ ავტომობილი გაჩერდება.   

 




Copyright MyCorp © 2024