571-77-85-31 "ჩემპიონთა სკოლა" 577-77-85-31

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 179
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

არამექანიკური ტრანსპორტი.

 

1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.

2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.

3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.

4. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.

6. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.

7. ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება მოტოციკლის მძღოლის მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მას ორივე ხელით უნდა ეჭიროს საჭე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელია, ხელით მისცეს ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები.

8. დასაშვებია ველოსიპედით, მოპედით, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავითა და უეტლო მოტოციკლით იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის.

9. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრის გადაყვანა (გარდა 7 წლამდე ბავშვისა, თუ აღნიშნული ტრანსპორტი საიმედო საფეხურებითა და დამატებითი დასაჯდომითაა აღჭურვილი). მოტოციკლის მძღოლს მგზავრის გადაყვანა შეუძლია მხოლოდ ეტლით (თუ ასეთი არსებობს) ან/და მძღოლის უკან მოწყობილი დამატებითი დასაჯდომით. აკრძალულია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მგზავრის გადაყვანა.

10. გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ.

11. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი. ის უნდა აღიჭურვოს: წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფარით, ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი შუქამრეკლით.

12. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრაობა დასაშვებია გვერდულაზე, ტროტუარზე, ქვეითთა ბილიკზე, ქვეითთა ზონაში, საცხოვრებელ ზონაში, ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით მოძრავმა გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს, არ უნდა შეაფერხოს ისინი და საფრთხე არ უნდა შეუქმნას მათ მოძრაობას.

13. იმ ადგილას, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მართებული სიახლოვითა და ქვეითის ჩვეულებრივი სიჩქარით (5 კმ/სთ-ით). ქვეითთა არარსებობის შემთხვევაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს.

14. გვერდულას, ტროტუარის, ქვეითთა ბილიკის, ველობილიკისა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლის არარსებობის შემთხვევაში დასაშვებია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გზის სავალი ნაწილის კიდესთან მოძრაობა, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედითა და მოპედით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის წესებით.

15. არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე სავალ ნაწილზე არსებული იმ ადგილის გადაკვეთისას, რომელიც შესაბამისი საგზაო ნიშნით ან ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნით არ არის აღნიშნული, როგორც გადასასვლელი, ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს აქვთ:

ა) ვალდებულება, გზა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); 

ბ) უპირატესობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ამ სავალ ნაწილზე შესასვლელად მოხვევის მანევრს ასრულებენ.




Copyright MyCorp © 2019